Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

ივნისის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ქსენოფობიური გზავნილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დემოგრაფიულ საფრთხესთან აიგივებდა, არაქართულ ეთნიკურ იდენტობას კი ნეგატიურ კონტექსტში განიხილავდა.

  • თურქოფობიური ნარატივები მეზობელ ქვეყანას ქართული იდენტობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა, მის საპირწონედ კი რუსეთს გვთავაზობდა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ რუსული ოკუპაციის დასრულება გაცილებით მარტივად შეიძლება, ვიდრე თურქეთის მიერ ანექსირებული ტაო-კლარჯეთის დაბრუნება. 

  • არმენოფობიური გზავნილი ერთი შემთხვევა  სომხურ იდენტობას ნეგატიურად წარმოაჩენდა.

  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული ნარატივები კათოლიკურ ეკლესიას უკავშირდებოდა და მას ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო კიცხავდა.

  • ჰომოფობიურ გზავნილებს მმართველი პარტია, ქართული ოცნება, ავრცელებდა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს, პროპაგანდის არსებობის მტკიცებულებად კი ლგბტქია+ ადამიანების რაოდენობის ზრდის ტენდენციას იშველიებდა. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა ანტილგბტქია კანონპროექტს - საკუთარ გამარჯვებად, ლგბტ პრაიდს კი მიუღებელ მოვლენად წარმოაჩენდა, რომელიც, მათ შორის, ძალადობრივად უნდა აღიკვეთოს. ჰომოფობიური გზავნილები უკავშირდებოდა მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-საც, რომელიც, პოსტვ-ის მტკიცებით, ლგბტ პროპაგანდას ეწევა. აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები კვლავ ლგბტქია+ ადამიანებად წარმოჩინდებოდნენ. 

  • ანტიდასავლური გზავნილების ნაწილი დაუკავშირდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ანტილგბტქ კანონპროექტზე მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდა. ქართული ოცნება ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. დასავლეთი ამჯერადაც წარმოჩენილი იყო ტრადიციულ იდენტობასთან, ოჯახთან და რელიგიასთან მებრძოლ ძალად, რომელსაც ლგბტქია+ ადამიანები და პედოფილები მართავენ. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთზე მორალური და მისაღები რუსული ტირანიაა.

ქსენოფობია

ქსენოფობიური ნარატივები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დემოგრაფიულ საფრთხესთან აკავშირებდა, განსხვავებული ეთნიკური იდენტობის ადამიანებს კი თავიანთი ეროვნების სასარგებლო და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში სდებდა ბრალს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა:  “მინდა, საქართველოს მოსახლეობა რომ მრავალდებოდეს, ანუ, რომ ვბევრდებოდეთ… ვიღაცა სხვები კი არ ჩამოდიოდნენ, აი, ვიღაც პაკისტანელები კი არ უნდა ჩამოდიოდნენ აქ, პირიქით, საქართველო დემოგრაფიულად უნდა გამრავლდეს”...

განსხვავებული ეთნიკური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა

ბაია ამაშუკელი, პოლიტოლოგი:  „აი, ეს გვარგადაკეთებულები ადამიანები არიან ძირითადში ეხლა. კი, კარგია, ვიღაცას რომ უნდა ქართველობა და ქართული გვარი, მაგრამ შენ რომ ქართული საქმის მაგივრად, იმ შენი ეროვნების საქმეს აგრძელებ, საიდანაც გადაიკეთე, ეგ არის ყველაფრის შედეგი, რაც ჩვენ გვხვდება და ეს არის მასიურად ამ ქვეყანაში... რას დააშავებდა, რომ “ქართველი” გვწერებოდა, სადაც  ამერიკაში კავკასია, ნუ, წერია ეროვნების გრაფაში. ჩვენ ამოვიღეთ, აღარც კავკასიელი ვართ, აღარც ქართველი ვართ, რა ვართ, “მაშასადამეები” ვართ უკვე და სხვები არიან”.

თურქოფობია

თურქოფობიური გზავნილები მეზობელი ქვეყნის საპირწონედ რუსეთს გვთავაზობდა, რუსულ ოკუპაციას კი, თურქულ ე.წ ექსპანსიასთან შედარებით, გაცილებით უმნიშვნელო მოვლენად სახავდა. კვლავ გვხვებოდა ძველი ნარატივები, რომლებიც რუსეთსა და თურქეთს ერთ სიბრტყეზე, ოკუპანტებად განიხილავდა.

რუსეთი თურქეთის საპირწონედ

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ერეკლე მეორემ გადადგა ნაბიჯი, როდესაც მან რუსეთთან დაამყარა კავშირი… დადებითიც იყო და გადარჩენის ტოლფასიც იყო და რატომ? მაშინვე საქართველო გაიყო ორ ნაწილად. 70% ჩვენი ტერიტორიების აღმოჩნდა რუსეთის იმპერიაში… მაგრამ 30% ჩვენი ტერიტორიებისა აღმოჩნდა თურქეთში და დღემდე თურქეთშია… 200 წელზე მეტი გავიდა და დააკვირდით შედეგს: ის 70% რომელიც აღმოჩნდა რუსეთის იმპერიაში, ჩვენ ვართ, ჩვენ შევინარჩუნეთ ენა, ქართველობა, მენტალობა, ქართული ფასეულობები. ის 30%, რომელიც აღმოჩნდა თურქეთში… ენა ნახევარზე მეტმა არ იცის. ქართული ფასეულობები საერთოდ დაკარგული აქვს 100%-ს. 100%-ის რწმენა შეცვლილია, 100%-ს ფასეულობები… თურქული მენტალობა აქვთ. აი, სად ჯობდა, ჯობდა რუსეთში აღმოჩენა, იმიტომ რომ გადავრჩით”.

 

მერაბ შათირიშვილი, მწერალი: „თურქეთისაგან განსხვავებით, რომელმაც ტაო-კლარჯეთი შეიერთა და წაგვართვა, რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თავის ტერიტორიად ჯერ კიდევ არ თვლის. ამის უპირველესი დასტური ის გახლავთ, რომ კრემლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სერიოზულ ინვესტიციებს არ ახორციელებს და ინფრასტრუქტურასაც არ ავითარებს... არადა, რუსეთმა უკრაინაში უკვე განადგურებული ქალაქებისა და სოფლების აღდგენა და შემოერთება დაიწყო”.

თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “შოთა არველაძე რომ გამოვიდა, მეო რუსეთშიო, რუსეთის ნაკრებშიო, სამუშაოდ არ წავალო იმიტომ, რომ რუსეთი არის ოკუპანტიო და ამ დროს მთელი თავის ცხოვრება თურქეთში თამაშობს და თურქეთში იყო მწვრთნელი. შე დალოცვილო, თუ რუსეთში არ გინდა მუშაობა, მაშინ არც თურქეთში არ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ თურქეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსირება მოახდინა და ოკუპაციას და ანექსიას შორის ცა და დედამიწა არის განსხვავება… ოკუპაციის დასრულება შეიძლება და ანექსირების სიტუაციის გამოსწორება მე არ ვიცი ახლა, ტაო-კლარჯეთი რა შემთხვევაში შეიძლება დაგვიბრუნდეს”?

თურქეთის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “დღეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში კიდევ რაღაცა ძაფები რო არ ჰქონდეს, ჩვენ საერთოდ გადაყვლაპავდნენ იმიტო, რო 2008-ში, როდესაც რუსის ჯარი შემოვიდა, ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და უთხრა, რო მომეცი საშუალება აჭარაში შევიდე… კულუარულად არი ამაზე საუბარი და იმიტო, რო ჩვენ კარგად ვიცით, რო აჭარაში თურქეთის შესვლას გარკვეულწილად წინ აღუდგება რუსეთი იმიტო, რო საქართველოზე კი არ გიჟდება რუსეთი…  რუსეთს არ აწყობს აქ, შავ ზღვაში, თურქეთის გაბატონება…”

არმენოფობია

ერთი არმენოფობიული გზავნილი ეთნიკურ სომხებს ქართველებისადმი მტრულად განწყობილად წარმოაჩენდა.

სომხური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა

გივი სიხარულიძე, მსახიობი: “... რის სამი მილიონი ვართ, რას ვატყუებთ ჩვენ საკუთარ თავს, ნახევარზე მეტი სომხებია ქართველებად გადაკეთებული და სომეხი რომ ქართველად გადაკეთდება, უფრო უარესად ეზიზღება ქართველი, ვიდრე ნაღდ სომეხს, ვაჟკაცს, რომელმაც არ დათმო თავისი გვარი და სახელი და ღირსეულად ატარებს სომხის სახელს...“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული ნარატივები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების გამო კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გზავნილებს აერთიანებდა. 

კათოლიკური ეკლესიის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება მიუღებელია

სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “... კათოლიკურმა ეკლესიამ დალოცა ერთსქესიანთა ურთიერთობა და აქედან ერთი ნაბიჯია ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციისკენ. ეს ხო საშინელებაა, ეს ხო კათოლიკური ეკლესიის დასასრულია?!“

ჰომოფობია

მმართველი პარტია ბავშვებისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის მოტივით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს, პროპაგანდის არსებობის მტკიცებულებად  კი ლგბტქია+ ადამიანების რაოდენობის ზრდის ტენდენცია მოჰყავდა. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა ანტილგბტ კანონპროექტს - საკუთარ გამარჯვებად, ლგბტქია+ ადამიანებს - არაბრძოლისუნარიანებად, ლგბტ პრაიდს კი მიუღებელ მოვლენად წარმოაჩენდა, რომელიც ყველა სივრცეში, მათ შორის, ძალადობრივად უნდა აღიკვეთოს. ჰომოფობიური გზავნილები უკავშირდებოდა მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-საც, რომელიც, პოსტვ-ის მტკიცებით, ლგბტ პროპაგანდას ეწევა. აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები კვლავ ლგბტქია+ ადამიანებად წარმოჩინდებოდნენ.  

ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს

თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი: “მთავარი ღირებულება ამ ტექსტის არის ის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვები, იმიტომ, რომ მე და თქვენ არ გვჭირდება დაცვა პროპაგანდისგან, ეს ჩვენ ვერ შეგვცვლის, მაგრამ ბავშვი რომელიც ყალიბდება მას სჭირდება დაცვა, რომ მან შეძლოს განვითარება და ისეთი განვითარება, რაც არი მისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისი და იმ ღირებულებების რაც მას ოჯახში აქვს… ეს არის მთავარი რატომაც მე ვუჭერ ამ პროექტს მხარს, რომ ბავშვები და ახალგაზრდები არასრულწლოვნები იყვნენ პროპაგანდისგან დაცული…”

გია ვოლსკი, ქართული ოცნება: “ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა ამ ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად”.

თენგიზ შარმანაშვილი, ქართული ოცნება: “დისკრიმინაციას არ მოვახდენთ, მაგრამ ამის პროპაგანდას ჩვენ არ დავუშვებთ… ჩვენ არ დავუშვებთ ისეთ რაღაცებს, რაც გონების მიღმაა. 1995 წლის რედაქცია როცა იწერებოდა კონსტიტუციის, იქ მეუღლეები ჩაიწერა ტერმინი. ვერავის ვერ მოუვიდოდა აზრად თავში, რომ მეუღლეები ქალისა და კაცის გარდა შეიძლება ვინმე ყოფილიყო… გავიდა დრო და საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით, რომ გვეტყოდნენ, რომ შეიძლება ერთსქესიანებიც იყვნენ… ახლა ამ კანონში თქვენ აღმოაჩენთ, რომ უკვე გენეტიკურად კაცი და გენეტიკურად ქალიც ჩავწერეთ, უკვე ქალი და კაცი საკმარისი აღარ არის”. 

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ კანონს გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე და ჯეიმს ბონდიც, სუპერმენიც და ბაში-აჩუკიც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებითვის, სულ მცირე საქართველოში მაინც, ისევ ლამაზ ქალებზე შეყვარებული ბრუტალური კაცები იქნებიან, როგორც 20-30 წლის წინ”. 

ლგბტ პროპაგანდა მუშაობს/ლგბტქია+ ადამიანების რიცხვი იზრდება

ლევან მაჭავარიანი, ქართული ოცნება: “ის რაღაცა ნარატივი, რომ როგორ უნდა შეგაცვლევინოს ქცევა პროპაგანდამ და ასე შემდეგ, ეგ ეგრე არ არის... გაორმაგებული არის იმ ადამიანების რიცხვი, ვინ თავს მიიჩნევს ლგბტ... პროპაგანდა რომ არ მუშაობდეს, ასობით მილიარდი დოლარი ყოველწლიურად რეკლამაში არ დაიხარჯებოდა კომპანიების მხრიდან”.

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “...ეგ რეალობა საიდან მოვიდა, რომ ქალს უხარია თავის პატარა ბავშვს, რომ გეიდ ზრდის, ეგ შემთხვევით გაჩნდა?... არაფერ შუაში არ არის პროპაგანდა?”

ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა/ლგბტ თემისადმი ხელისუფლების აგრესია კონსერვატიული მოძრაობის გამარჯვებაა

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “აი, ჩვენმა მეთოდებმა რა მოიტანა, იცი? წელს ქართული ოცნება არჩევნებში მოგებას აპირებს პიდარასტებზე შეტევით. არა, უბრალოდ შეტევით კი არა, პიდარასტების ცემით აპირებს ქართული ოცნება არჩევნებში მოგებას, რა.“


შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „ჩვენმა მეთოდებმა რა მოიტანა, იცი? ცენტრში ვეღარ ატარებენ [პრაიდს], განაპირას ვეღარ ატარებენ. სალანძღავ სიტყვად იქცა მათი მხარდაჭერა… შედეგი არის, რომ კანონით იკრძალება გეი პროპაგანდა და გეი პრაიდი, მაგას აპირებს ეხლა მთავრობა და აღარ ჩატარდება ამ ქვეყანაში გეი პრაიდი აღარ ჩატარდება. აი ბოლოს, შარშან რვა ივლისს რომ ჩავატარეთ, მაგ დროს ვილაპარაკეთ ჩვენ, რომ ეს არის განაპირას, რომ აღვკვეთეთ უკვე ეგ ისეთი გარდატეხაა, რომ მეტი ვეღარ გაქაჩავენ და ვეღარ ჩაატარებენ.“

ლგბტ პრაიდი მიუღებელია/პრაიდის აღსაკვეთად ძალადობა გამართლებულია

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “თავიდან ამათ უნდოდათ, რუსთაველზე, აი, ქაშვეთის ეზოში უნდოდათ გეი ორგია ჩაეტარებინათ, ხო? მანდ ხომ მოხვდათ და ნუ, ჩვენ კი მერე მაგაზე ვიღაცეები, ვაჟკაცებად რომ მოაქვთ თავი, გვიწყრებოდნენ, რომ ეგრე არ შეიძლებაო, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, რომ სადღაც ჯანდაბაში, შემოღობილში უნდა ყოფილიყო მთაზე. შარშან იმ მთაზე ავადექით და არაფერი აღარ ჩატარდა იქაც და წელს ეს ყველაფერი გაიხიზნა ონლაინში და ხალხო, ონლაინ სივრცეში არის ეხლა დასარბევი გეი პრაიდი… ვირტუალური დარბევა არის მოსაწყობი, რა.“

თემურ ფიფია, სოლიდარობა მშვიდობისათვის: “საბედნიეროდ, ალბათ, შეიძლება, უკვე ითქვას, რომ საქართველომ გადალახა ეს მომენტი და ეს ზღვარი, ასეთი [ლგბტ] ფესტივალები უკვე საქართველოში აღარ გაიმართება…” 

Tbilisi Open Air ლგბტ ფესტივალია

გიორგი ახვლედიანი, PosTV-ს წამყვანი: „ისე, თუ აკვირდებით, თბილისი პრაიდსა და მუსიკალურ ფესტივალ „თბილისი ოფენ ეარს“ შორის ზღვარი პრაქტიკულად აღარ არსებობს. უბრალოდ ოფიციალურად მუსიკალური ფესტივალია, სინამდვილეში კი, თბილისი პრაიდის ლგბტ პროპაგანდა, რომელიც დღისით, მზისით ყველასთვის ხელმისაწვდომად ვრცელდება, მათ შორის ბავშვებისთვის. აბა, სად არიან ჩვენი ფსევდო-ლიბერალი ოპოზიციონერები? გაყვირების პროპაგანდას რომ ვერ ვხედავთო გაიძახიან.“

რუსულ კანონს ლგბტქია+ ადამიანები/ორგანიზაციები აპროტესტებდნენ

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ეს აქციებიც რო იმართება, დააკვირდით, რა ხალხი ატარებს აქციას, პიდარასტები, მიტინგებს, ვინ ატარებს, პიდარასტები, ბაია, ბაბუცა, პატარაიები, ანუ ძირითადი, ეს დამრტყმელი ძალა არის ეს გარყვნილი ხალხი, გესმით და ეს ჩათრეული ახალგაზრდობა რომელიც იქ მისულია იმიტო, რო რაღაცა გაერთოს, დრო ატაროს ბევრი შეცდენილია. ეს კაზინოებიდან, ბარებიდან მოკრებილი ხალხი, ბასიანს ჩაუვარდა მუშაობა, ე.ი ბასიანი და გალერის მთელი საკონცერტო  ისინი, გადმოინაცვლა იქითკენ, პარლამენტთან”.

არაბრძოლისუნარიან ლგბტ თემს რუსეთთან გამკლავება არ ძალუძს

 

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ვიღაც პიდარასტს რომ გავხარ და ვიღაც ჯენზი რომ დარბის ქუჩაში პიდარასტების, ლიბერასტების, ტრანსგენდერების, რაღაცა გაურკვეველი გენდერების... შენ არ ტოვებ იმ შთაბეჭდილებას, რომ რუსებმა, საერთოდ, რაიმე მძიმე ჯარების ჩართვა რომ მოუნდეს, აი, პანჩურებით არ მოგერევიან პირდაპირ, ეგეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებ”.

შემოქმედებით სფეროში ლგბტ პროპაგანდა მიმდინარეობს

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “თურმე როგორი ბედნიერები ვიყავით 20-30 წლის წინ, როცა კინოში პრემიერაზე მისულები მხოლოდ ჯანმრთელი ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელი სიყვარულის ისტორიას ვუყურებდით… იმ ბედნიერ და საღად მოაზროვნე კინომატოგრაფიის ეპოქაში არავის მოსდიოდა თავში ყველა ფილმში, ყველანაირი საჭიროების გარეშე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ჩაეტენა და ჩაეკვეხებინა. არა, გეი პერსონაჟებიც იყვნენ, როგორ არ იყვნენ, ოღონდ ძირითადად კომედიური სცენებისთვის - არასერიოზული, ცანცარა ბიჭები მენერული მიხვრა-მოხვრით და ნაზი, ქალური საუბრით, ძირითადად, ფილმში მსუბუქი ირონიის შემოსატანად იყვნენ საჭირო”. 

ანტიდასავლური

ანტიდასავლური გზავნილების ნაწილი დაუკავშირდა ვენეციის კომისის დასკვნას, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ანტილგბტქ კანონპროექტზე მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდა. ქართული ოცნება ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანოს ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. გასული თვეების მსგავსად, დასავლეთი კვლავ წარმოჩინდებოდა ეროვნულ იდენტობასთან, ოჯახთან და რელიგიასთან მებრძოლ ძალად, რომელსაც ლგბტქია+ ადამიანები და პედოფილები მართავენ, ხოლო მათ არ აქვთ მორალური უფლება, საქართველოს ჭკუა ასწავლონ. კონსერვატიული მოძრაობა ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთზე მორალური და მისაღები რუსული ტირანიაა.

თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება:  „ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. როცა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება - არათუ ეს არ მოსწონს რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის ისიც ამოშალეთ, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია და შიგნით ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით”.

ირაკლი ზარქუა, ქართული ოცნება:  „მინდა, ვენეციის კომისიის ექსპერტებს მივმართო, ეს არის საქართველო, უძველესი მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი კაცისა და ქალის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, ეს მიუღებელია… ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ გამოვა, ბიჭებო და გოგოებო.“

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “...ტრადიციული საზოგადოება ლგბტ პროპაგანდის ძალმომრეობას და თავს მოხვევას, უპირველეს ყოვლისა, გრძნობს არა ჩვენი ადგილობრივი სქესარეული ადამიანებისაგან, არამედ უცხოელი პარტნიორებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, გაურკვეველი წარმომავლობის უფლებადამცველებისაგან, დონორი ორგანიზაციებისგან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისაგან, რომლებიც ღიად და უკვე მუქარის ტონითაც კი ითხოვენ ჩვენგან, შევცვალოთ ყველაფერი”.

დასავლეთი ებრძვის ეროვნულ იდენტობას/ოჯახს

ბესარიონ მიქავა, იბერიულ-კავკასიური მოძრაობა: “დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდით გვაბრუებდნენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არიან, არადა, უკვე 30 წელია, მათი მხრიდან ეროვნულ ღირებულებებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე სტრატეგიული შეტევები ხორციელდება! ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი რეალურად რომ ყოფილიყო, ამ ხნის განმავლობაში შეძლებდა, 3-მილიონიანი ერი აეყვავებინა, მაგრამ ჩვენი მთავარი სასიცოცხლო ფასეულობების განადგურებას შეუდგა”.

ევროპა საკუთარი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის მსხვერპლია

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: “... ევროპის ქვეყნები ფაქტიურად დაპყრობილი აქვს ავღანეთს, ავღანეთიდან ჩასულ ხალხს, ჩრდილო, ასე ვთქვათ, აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ასე შემდეგ. ფაქტიურად, მუსულმანური გავლენის ქვეშ არის მთელი ევროპა. 10 წლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა გაუტოლდება ერთმანეთს - ქრისტიანული და მუსლიმანული… 7 მილიონი თურქი ცხოვრობს გერმანიაში.  ეს ხო ხელს წამოსაკრავი ამბავი არ არის. ამის გარდა ყოველდღე ხდება ამ მოსახლეობის განსაკუთრებით, აი ეს ჩრდილო აფრიკისა ქვეყნებიდან, შეღწევა ევროპის ქვეყნებში, ამ ლტოლვილების.“

დასავლეთი ებრძვის რელიგიას/ეკლესიას

 

ანტონ ბულუხია, ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტი:  “ერთ-ერთი ავანგარდში ვიყავი, როდესაც ევროპისკენ მივდიოდით და ბრიუსელის ყველა იმაში ვარ ნამყოფი, უწყებაში, ასევე, ამერიკაში ყველგან და სულ ყოველთვის ამაზე გვქონდა მსჯელობა, რომ თუ თქვენ ნამდვილად ასე ხართ, ეკლესიასთან რატომ ხართ ასე მწყრალად? … მიწა მქონდა გასხვისებული, ნუ გაქირავებული ერთ მშრომელ ადამიანზე და როდესაც აძლევდნენ დაფინანსებას და გაიგეს, რომ ეს ეკლესიის მიწა იყო, არ მისცეს დაფინანსება და მე ვუთხარი: ეს რატო გააკეთეთ მეთქი? მე როგორ ვუთხრა ჩემ მრევლს რომ ევროპა კარგია, როდესაც თქვენ, რაც ქვია ეკლესიურს, ყველაფერს ებრძვით, მეთქი, რა და მაშინაც ვერ ვგებულობდი, სიმართლე გითხრათ და მერე, იმიტომ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ესენი სიტყვით სხვა არიან და საქმით სხვა არიან”.

ევროპის ლგბტქია+ მაღალჩინოსნებს არ აქვთ მორალური უფლება, ჭკუა გვასწავლონ

გია კორკოტაშვილი, ობიექტივის წამყვანი:  „ევროპა რასაც გვთავაზობს, ის ვროწი [ მიხაილ როთი] რომ ჩამოვიდა... გერმანიიდან რომ ჩამობრძანდა, რა... ჯერ მაგან თავის თავს მოუაროს, გათხოვილი ბიჭი რომ არის, რა და მერე გააკეთოს, რაც უნდა. მე მაგან ჭკუა როგორ უნდა დამარიგოს ეხლა, აი,  უკვე საწყენია ჩემთვის რა... მე თავს ვერ დავარიგებინებ ვიღაცა ელგებეტეს, ერთსქესიანთა ქორწილით დაქორწინებულ ადამიანს, რომელიც ჭკუას მარიგებს მე აქა, რა.“

ოჯახური ძალადობისთვის ბრალდებულები დასავლეთის პატიმრები არიან

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი:  “ერთხელ, სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციაში ვიყავი… შევედი და ჩემი განცვიფრება გამოიწვია იმან, რომ ამ ლექციებს ატარებდა ბაბუცა პატარაია. წარმოგიდგენიათ თქვენ? და მერე, რომ ვიკითხე ეს როგორ ხორციელდებოდა და ეს ქალი ვინ შემოუშვა აქ? ესო ევროკავშირის ეგიდით ხორციელდებაო. აი, ევროკავშირი ვის აძლევს ფულს, ბაია პატარაიებს, ამ ზონდერ ფემინისტებს და მათი მეშვეობით არის დღეს, რომ 80% პატიმრებისა არის ოჯახურ ძალადობაზე მათ მიერ ნამუშევარი, ასეთი ზონდერ-ფემინისტური საქმიანობის გამო”. 

დასავლეთს ჰომოსექსუალები/პედოფილები მართავენ

დათა გვასალია, პოსტვ-ის ჟურნალისტი: ‘’ყველაზე გეი მეგობრული ამერიკის ისტორიაში, ასე შეიძლება ვუწოდოთ ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციას… შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია ამერიკელების და გასაოცრადაც რეკორდსმენისა ლგბტ პირების თანამდებობაზე დანიშვნის კუთხით… 2023 წლის 2 აპრილის მდგომარეობით შეერთებულ შტატებში არის 1175 ღიად ლგბტ არჩეული თანამდებობის პირი… ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ დემოკრატები სახელმწიფოს სხვადასხვა, იქნება ეს შტატისა თუ ფედერალური დონეზე, მაქსიმალურად უწყობენ ხელს ფერადი კანონების მიღებას, რაც სრულ აბსურდამდე მივიდა..’’ 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი:  “ის არის პედოფილი, ეს [ჯო] ბაიდენი, ეს შვილი კიდევ ჩართულია რაღაცა არალეგალურ ვაჭრობებში. ეს მაკრონი ვინც არის, კარგად ვიცით, ესეც პედოფილი. ესე იგი, მთელ მსოფლიოს განაგებს პედოფილების კასტა. ის კაცებთან არის დაგეშილი ეს მაკრონი, ჩადის იქ აფრიკულ ქვეყნებში, საფრანგეთის კოლონიებში  და არ ვიცი... იმიტომაც არის ელგებეტე, ბოდიში და, პროპაგანდა მიდის. პედოფილები მართავენ მსოფლიოს... შეხედეთ, ვინები არიან ლიდერები, პიდარასტები არიან.“

რუსეთი დასავლეთის საპირწონედ

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ამ დემოკრატიაში გვაქვს სურათი, სადაც ვიღაც ზანგმა შეიძლება გაუხვრიტოს თავი ვიღაცა ადამიანს, თავისი ოჯახი ზემოდან დააკლას, გაძარცვოს, ვიღაცეები გააუპატიუროს, ნუ რაღაც ვირთხები დარბიან მეტროში, რაღაცა იმეებზე ძვრება ამ დემოკრატიულ კედლებზე, მიგრანტები აღარ იცი რამდენი ხანი კარგი იქნება, რამდენი ხანი ცუდად ოღონდ დემოკრატია გაქვს გაიგე და იქით ტირანიაა, სადღაც, აი, პუტინის ტირანია, სადაც მეტროში კარგი მეტროა, სიწყნარეა, არავინ ვიღაცას არ კლავს, მშვიდად ხარ, მიდიხარ სამსახურში, მოდიხარ სუფთაა ქუჩებია, დაცული ხარ… ფეხებზე მკიდია ტირანი თუ ზის ზემოთ, თუ მე დიდად არ მეხება... ფეხებზე მკიდია არჩევნები და ამას ვირჩევ. ეგრე, რომ აყენებდეს ადამიანის საკითხს, ამას რამე მორალურად იმდენად მიუღებელი პოზიცია აქვს?... ეს უფრო ჯანსაღი არ არის?!“

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia