Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

თებერვლის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 

  • ქსენოფობიური გზავნილები საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნეგატიურ კონტექსტში განიხილავდა, მათ საპირწონედ კი ეთნიკურ რუსებს გვთავაზობდა. კვლავ გვხვდებოდა ძველი ნარატივი, რომ ეთნიკური უმცირესობები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეს ქმნიან, ქართველი ქალის ქორწინება კი უცხოელ კაცზე მიუღებელია. ეთნიკურ იდენტობაზე ხაზგასმა ისევ ხდებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით.

  • თურქოფობიური ნარატივები აჭარაში თურქული ექსპანსიის საშიშროებაზე აკეთებდა აქცენტს, ამ საფრთხის შეჩერებას კი რუსი ტურისტების დამსახურებად წარმოაჩენდა. “სეზონი TV-ის” მტკიცებით, თურქეთის სპეცსამსახურებს საქართველოს პარლამენტში, ტარიელ ნაკაიძის სახით, საკუთარი აგენტურა ჰყავს, რომელიც მართლმადიდებლობას ებრძვის.

  • არმენოფობიური გზავნილების გააქტიურება სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ აღნიშნული პროვოკაციაა, რაც რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს. იგივე აქტორების მტკიცებით, სომხეთი არ იმსახურებს პარტნიორობას, რადგან არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გასული თვეების მსგავსად, სომხურ იდენტობაზე მინიშნება კვლავ გამოიყენებოდა ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით.

  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები ანტისემიტურ და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გზავნილებს მოიცავდა. “საქართველო და მსოფლიოს” მტკიცებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკას “ებრაული მაფია” აკონტროლებს. “სეზონი TV” კი კათოლიკურ ეკლესიას კვლავ ლგბტქია+ თემის უფლებების მხარდაჭერის გამო კიცხავდა. 

  • ჰომოფობიური გზავნილები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებამ ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა დაანონსა. მმართველ გუნდთან აფილირებული “ხალხის ძალა” ამ ინიციატივას იწონებდა, “ალტ-ინფო/კონსერვატიული” მოძრაობა კი კანონის მისაღებად ძალადობას ამართლებდა. “ქართული ოცნება” ღიად აფიქსირებდა ჰომოფობიურ განწყობებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემაზეც. 

  • გარდა ამისა, ჰომოფობიური ნარატივების დიდი ნაწილი ტრანსგენდერ ადამიანებს მიემართებოდა და მათი ავტორი პროსახელისუფლებო “პოსტვ” იყო. მას შემდეგ, რაც ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შვილის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა, "გზაჯვარედინზე", ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ჰომოფობიური ნარატივები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუკავშირდა.

  • ანტიდასავლური გზავნილების მთავარი თემა გახდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის გამოყენებაზე და ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობა, რომ ტრანსგენდერი ქალების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე. ქართული ოცნება, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული აქტორების მსგავსად, დასავლეთს ეროვნულ იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. დასავლეთის დირექტივად იყო წარმოჩენილი “ტრადიციული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე მდგარი” ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც. გარყვნილი დასავლეთის საპირწონედ კვლავ ტრადიციული ჩინეთი და რუსეთი იყო შემოთავაზებული. 

ქსენოფობია

ქსენოფობიური ნარატივები საქართველოში მცხოვრებ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, გარდა ეთნიკური რუსებისა, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავდა. კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილი, რომელიც ქართველ ქალებს უცხოელებზე ქორწინების გამო კიცხავდა. ეთნიკურ კუთვნილებაზე ხაზგასმა ისევ ხდებოდა მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაციის მიზნით.

ეთნიკური რუსები სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საპირწონედ

ბესო ბარბაქაძე, “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი: “ვინმეს შეუძლია, აგვიხსნას, რატომ ცდილობს პრეზიდენტი კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაბლოკვას და რატომ უნთებს მწვანე შუქს ირანელებს, ჩინელებს ან თურქებს?... ახლა არ თქვათ, ეგენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო ან იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსო. არანაირი სტატისტიკა არ არის  საჭირო, უბრალოდ გადით ქუჩაში და რიგით ადამიანებს ჰკითხეთ, რომელი დამსაქმებელი უხდის უფრო მეტს და რომელი უცხოელი ცდილობს საქმის გაკეთებას უფრო ხარისხიანად”.  

ეთნიკური უმცირესობები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

ზურაბ მახარაძე, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “ეგრე  კი არ უნდა წარმოიდგინო, რო წალკაში ქართული ლაპარაკი არ ისმის, ვაიმე, ღმერთო ჩემო, რა ცუდია, მარა კაი, გავაგრძელე ცხოვრება. შენ ბოლოს აქ დარჩები უმცირესობა. აი, მთელ საქართველოში ქართველები დავრჩებით უმცირესობა იმიტო, რო შენ უდგები ეგრე და სხვები ეგრე არ უდგებიან. სხვებს ისტორიაც ახსოვთ, რელიგიაც ახსოვთ და ერთობის განცდა აქვთ“.

განსხვავებული ეთნიკური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ჩვენს პარლამენტში გვიზის და პარტიების, რომ იტყვიან, ლიდერშიფში ძირითადად ყელყელაობენ ის ადამიანები, რომელთა წარმომავლობისა და რომელთა ნაციონალური კუთვნილების შესახებ ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. ვინმეს გონია, რომ ეს ელტონ ჭყონია ქართველია და ან სათანეკა მეხრიბეკიანი, ეს ე.წ. სალომე სამადაშვილი, ესენი ქართველებს გვანან საერთოდ? ანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ეგ ისეთი ჯაფარიძეა, როგორც ეხლა მე გახლავართ, ძვირფასო მეგობრებო, სიძინპინის დეიდაშვილი…”

ქართველი ქალის ქორწინება უცხოელ კაცზე მიუღებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: „ალბათ, თავს მოვიკლავ ეხლა ჩემმა შვილებმა რაღაცა უცხოელებს რომ გაყვნენ… სტატისტიკა გავუშვი იმ დღეს, 700 ქართველი ქალი გაყვა თურქს… აი, როგორ გძინავს ქალო შენ, შენი შვილი რომ გაყვა იმ თურქს და მერე ქართული გენი რომ აღარ იარსებებს?! ყველა რომ ესე უცხოელებს გაყვეს, მაინტერესებს, ეს საქართველო იქნება”?

თურქოფობია

თურქოფობიური გზავნილები მეზობელ ქვეყანას კვლავ წარმოაჩენდა მტრულ სახელმწიფოდ, თურქეთიდან მომდინარე “ფიზიკური და სულიერი ექსპანსიისგან” აჭარის გადარჩენა კი რუს ტურისტებს მიეწერებოდა. თურქოფობიური ნარატივები დაუკავშირდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტსაც, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში კურთხევის რიტუალი ჩაატარეს. მას შემდეგ, რაც დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე ამ საკითხზე განათლების მინისტრის პოზიციით დაინტერესდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თურქეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

რუსი ტურისტების შემოსვლამ საქართველოში აჭარა თურქეთის ექსპანსიისგან იხსნა

არნო ხიდირბეგიშვილი, ასავალ-დასავალის ავტორი: “ბრძნული პოლიტიკის წყალობით, ბიძინა ივანიშვილმა გლობალური აღრეულობის ჟამს კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმის მოგვარება შეძლო: რუსეთის მოქალაქეთა გამოყენებით, რომლებიც სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ბათუმში გადავიდნენ საცხოვრებლად, გახსნეს ბიზნესი და იყიდეს უძრავი ქონება (რაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა და ინფლაცია შეაჩერა), აჭარა, რომელიც კინაღამ თურქეთის პროვინციად იქცა, ისევ ქართული გახდა… ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ დაიცვა აჭარა ფიზიკური და სულიერი ექსპანსიისგან და განა ეს საკმარისი არაა?!“

რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება=თურქეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატული მოძრაობა: “რუსეთთან ხვალ რომ ჩვენ ომი გქონდეს, თურქეთი თვითონ შემოვა საქართველოში… საქართველოში რეალური პრეტენზია გავლენების აქ რუსეთს და თურქეთს და თურქეთი საქართველოზე გავლენას თუ მოიპოვებს, იმხელა ძალა ხდება მაგითი, რო ჩვეულებრივი საშიში ძალა ხდება რუსეთისთვის, ეხლაც დიდი ძალაა… 

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: რომ დაინახოს თურქეთმა, რო საქართველოს დიდ ნაწილს რუსები იკავებენ, მინიმუმ აჭარაში შევლენ”.

თურქეთის სპეცსამსახურებს საქართველოს პარლამენტში საკუთარი აგენტურა ჰყავს

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “გადაჯიშებული და სავარაუდოდ, თურქეთის სპეცსამსახურებზე მიყიდული ტარიელ ნაკაიძის მიერ შეშინებულმა და დაცვედანებულმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ ფაქტს შევისწავლით და რეაგირება უმკაცრესი იქნებაო! ანუ წალკის საჯარო სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი და, რაც ყველაზე მთავარია, მოძღვარი, რომელიც გაკვეთილზე შევიდა და ბავშვებს რელიგიაზე ესაუბრა, შესაძლოა, უმკაცრესად დაისაჯონ!”

თუ რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლა მიუღებელია, თურქეთის მოქალაქეებიც მიუღებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “კვლავაც ისმის ამ შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, ასევე, უშიშროების მინისტრის მიმართ, რომ, აი, რას აკეთებთ ამ რუსი ტურისტების მიმართ, რომ რუს ტურისტს მოყვება რუსული არმია, შეაჩერეთ ეს რუსი ტურისტები. ესე იგი, მთელი აჭარა წაიღო თურქებმა რა, ესე იგი, დავით აღმაშენებლის გამზირზე რომ გაივლი, ვერ მიხვდები, ეს რა არის, საერთოდ სად ვართ”? 

არმენოფობია

არმენოფობიური გზავნილები სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა. აღნიშნული პროვოკაციად და რუსეთთან ომში ჩაბმის მცდელობად იყო წარმოჩენილი, რასაც, ამავე აქტორების მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენება მოჰყვა. სომხურ იდენტობაზე ხაზგასმა ნიდერლანდების ელჩის, მელინე არაკელიანისა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის დისკრედიტაციის მიზნით ხდებოდა.

სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეს უქმნის საქართველოს

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: “სომხეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე ხელი არ უნდა მოეწერათ! ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. ჯერ ერთი, სომხეთი ამას არ იმსახურებს, რადგან არ  ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაეროს ტრიბუნიდანაც კი არ უჭერს მხარს ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნებას, თან კონფროტაციაში შევდივართ აზერბაიჯანთან და თურქეთთან”.
 

არნო ხიდირბეგიშვილი, ასავალ-დასავალის ავტორი: „პაშინიანი ცდილობს, მიინიჭოს მაქსიმლური ლეგიტიმურობა, რის გამოც... აიძულებს პრემიერ ღარიბაშვილს, ხელი მოაწეროს საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას… აღნიშნული პროვოკაცია ირაკლი ღარიბაშვილს პრემერის სავარძლის დათმობად დაუჯდა… ბიძინა ივანიშვილი... უკვე მე-12 წელია, აცილებს საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს, ხოლო ცბიერმა პაშინიანმა, პრაქტიკულად დაარღვია ჯერ კიდევ 2002 წელს მიღებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება… ამ პროვოკაციაში საქართველოს ჩათრევასც აპირებს, აქაოდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სომხეთი ამიერიდან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე არისო!..

პაშინიანმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის საიუბილეო მე-80 წლისთავის წინ, როცა პარალელურად ერევანში შებილწეს ლენინგრადის ბლოკადაში მოყოლილი ბავშვების მონუმენტი. მანამდე კი 2024 წლის 9 იანვარს სომეხი ვანდალის თბილისელმა თანამოაზრემ შერყვნა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარში”.

სომხური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მე ეხლა არ ვიცი, მე ყველა ეთნოსს პატივს მცემ, არაკელიანი სომეხი არ არის? აგერ ეხლა არ ვიცი, ამ გრიგორიანმა გადაიკეთა გვარი გრიგორიადისი [ლაზარე], ეხლა აგერ ვკითხულობ, მელინე არაკელიანი არის ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, გესმით?... ესე იგი, ეს არაკელიანი, მე არ ვიცი, ვერ გავიგე, დაშრა ეს სომხეთი და ყველგან გაიქცა თუ რა ხდება?! ე.ი არაკელიანი გვეუბნება, სომხეთის თუ ნიდერლანდების ელჩი, სომეხი ეროვნების ნიდერლანდების ელჩი, რომ ისაო, რა ჰქვიაო, მიდი, მიაწექითო, რა და ეს არის ჩვენი დახმარება“. 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგო და ანტისემიტურ გზავნილებს აერთიანებდა. ეს უკანასკნელი “ებრაულ მაფიას” ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე კონტროლში ადანაშაულებდა, “სეზონი TV” კი კათოლიკურ ეკლესიას კვლავ ლგბტქია+ ადამიანების მიმღებლობის გამო კიცხავდა.

ამერიკის საგარეო პოლიტიკას “ებრაული მაფია” აკონტროლებს

იაკობ ლეჟავა, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: “...საინტერესოა მისი [ჯონ მირშაიმერის] დასკვნა პროფესორ სტივენ უოლტთან ერთად გაკეთებული, დაახლოებით, 20 წლის წინათ: „ამერიკის საგარეო პოლიტიკას პროისრაელური ლობი, ანუ ებრაული მაფია აკონტროლებს ტოტალურად“, რასაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ჭეშმარიტი სიმართლე უწოდა 82 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, – ალბათ, ასაკით გათამამებულმა".  

კათოლიკური ეკლესიის ლგბტზაცია ხდება

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აი, ეს არის კათოლიკური ეკლესია და ხედავთ აქ, ეს ტრანსგენდერები, გეები როგორ გამოდიან, როგორ ჩვენებებს აწყობენ მოდის”.

ჰომოფობია

ჰომოფობიური ნარატივები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა დაანონსა. მმართველ გუნდთან აფილირებული “ხალხის ძალა” ამ გადაწყვეტილებას იწონებდა, “ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა” კი კანონის მისაღებად ძალადობას ამართლებდა. “ქართული ოცნება” აფიქსირებდა ჰომოფობიურ განწყობებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემაზეც. გარდა ამისა, ჰომოფობიური გზავნილების დიდი ნაწილი ტრანსგედერ ადამიანებს მიემართებოდა და მათ ფსიქიკური დარღვევების მქონე, სუიციდური მიდრეკილებების ადამიანებად წარმოაჩენდა. მას შემდეგ, რაც “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შვილის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა, "გზაჯვარედინზე", ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ჰომოფობიური ნარატივები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუკავშირდა. “კონსერვატიული მოძრაობის” მტკიცებით, აფხაზებს ლგბტ იდეოლოგიის საქართველოს რუსეთი უნდა ერჩივნოთ. 

ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს/ამისთვის ძალადობაც გამართლებულია

 

 

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “როდესაც ლგბტ პროპაგანდა დიდ მასშტაბებს იძენს, სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე… ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია დღეს… ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ და ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე.’’  

ზურაბ ქადაგიძე, ხალხის ძალა: “ზუსტ დროს და საჭირო მომენტში მიღებული გადაწყვეტილებაა ლგბტ პროპაგანდის ალაგმვა, რადგან წალეკა ქვეყანა გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობამ. აუცილებელია, რომ აღნიშნული კანონი სასწრაფოდ იქნას მიღებული. არც ერთი ნაბიჯი უკან ამ საშვილიშვილო საქმეში!’’ 

 

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “თუ ეს კანონი დავდეთ და მივაღებინეთ ხელისუფლებას, ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ერისთვის... ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ლიბერალური ფლანგი ცდილობს საპროტესტო ფორმით, სხვადასხვა პოლიტიკური სვლებით ამ კანონპროექტის ჩაშლას და არმიღებას, ჩვენი ფლანგი, ეროვნულ-კონსერვატიული ძალები, უნდა გამოვიდეთ და მათ შორის, ფიზიკურად უნდა ვაიძულოთ, როგორც ხელისუფლება, ასევე, ცხადია, ლიბერალური ფლანგი, რომ ეს კანონპროექტი უპრობლემოდ იყოს მიღებული და დამტკიცებული.“

 

ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია

დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნება: “ჩვენ კონსტიტუციაში მკაცრად ჩავწერეთ: ოჯახი არის ქალის და მამაკაცის კავშირი. დამთავრდა. აი, ეს არის ამოსავალი წერტილი ამ ყველაფრის”.

ტრანსგენდერები სუიციდისკენ არიან მიდრეკილნი

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “როგორც გაირკვა, ყოველ ასი ათას ადამიანზე წელიწადში ტრანსგენდერები რვაჯერ უფრო ხშირად ცდილობენ თავის მოკვლას, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. ოთხჯერ უფრო ხშირად კი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ… ნაოპერაციები ტრანსების 81% გაუსაძლის ტკივილებს განიცდის სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. ზოგიერთისთვის კი ეს ტკივილები არასდროს სრულდება… ასე რომ, თუ გადაწყვეტთ თავი დაისახიჩროთ, გაითვალისწინეთ, რომ იტანჯებით და იხდით სიცოცხლის ბოლომდე.“

ლგბტ თემატიკაზე ფილმების დაფინანსება მიუღებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: ”მამუკა [ხაზარაძე], შენ არა გრცხვენია? ტყუილა არ აგიფეთქდა ის მანქანა, მალე შენც აფეთქდები... არა გრცხვენია? არჩევნებზე გახვალ ეხლა და რას ეტყვი ამომრჩეველს, რომ მე ვაფინანსებ და ჩემი შვილი და მთელი ოჯახი ჩართულია ამ სოდომისტური ფილმების შექმნაშიო?! შე არაკაცო, შენა!“

ლგბტ პროპაგანდის სამიზნე ბავშვები არიან

გურანდა ბილიხოძე, პოსტვ-ის ჟურნალისტი: “გეი ოჯახში გაზრდილი ბავშვები, ლეზბოსურ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, ტრანსგენდერ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, ბებიის, ბიძის, მამიდის გაჩენილი ბავშვები, ისეთი ბავშვები, რომლებსაც ძუძუ დედის მაგივრად ჰორმონებით გაჯერებულმა კაცმა აჭამა, სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში და ჰორმონალური თერაპია ბავშვებში, დარღვეული ფსიქიკა და ჯანმრთელობა, ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ათასობით ბავშვს უწევს ცხოვრება. ისე ჩანს, თითქოს სამყარო გადაიქცა ერთ დიდ ლაბორატორიად, სადაც ბავშვებზე ექსპერიმენტები ტარდება და არავინ იცის ეს ყველაფერი რა გავლენას იქონიებს მომავალში ამ ბავშვების ფიზიკურ, თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე…”  
 

ვატო შაქარიშვილი, საქართველო უპირველეს ყოვლისა: “ის, რომ ბავშვები არიან და ჩვენი შვილები არიან მათი სამიზნე, ამას ღიად აცხადებენ...ბოლო პერიოდში გამართულ ამ ე.წ. ლგბტ პრაიდებზე მათი მთავარი სლოგანი არის, რომ ჩვენ მოვდივართ თქვენი შვილებისთვის.“

ლგბტ გარყვნილი საქართველო აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “[ჩცდ-ის მსახიობი, კახა გოგიძე] ეს არი განსახიერება იმისა, რატო აფხაზს უნდა ერჩიოს რო გაქრეს, ოღონდ ასეთებთან არ გაერთიანდეს და აი, ასეთი არ გახდეს თვითონ. აი, რუსებად რო გადაიქცნენ, ანუ თავისი ეროვნული იდენტობა რომ დაკარგონ, რუსები რო გახდენენ აფხაზები, ოღონდ არა ელგებეტე იდეოლოგიის დღის წესრიგის მქონე ერის ნაწილი გახდნენ, ხო, ეგ მილიონჯერ უნდა ერჩიოთ…”

ანტიდასავლური

ანტიდასავლური გზავნილების ჰომოფობიურ კონტექსტში გააქტიურება მოჰყვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის გამოყენებაზე და ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობას, რომ ტრანსგენდერი ქალების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე. “ქართული ოცნება” დასავლეთს ტრადიციულ იდენტობასთან ბრძოლასა და ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა, “კონსერვატიული მოძრაობა კი ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად დასავლურ ინტეგრაციაზე უარის თქმას ამართლებდა. დასავლეთის დირექტივად იყო წარმოჩენილი “ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე მდგარი” ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებაც. გარყვნილი დასავლეთის ალტერნატივად კი კვლავ ჩინეთი და რუსეთი იყო შემოთავაზებული.

დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/ოჯახს

 

რატი იონათამიშვილი, ქართული ოცნება: “როდესაც ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი [ენტონი ბლინკენის განცხადება გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის გამოყენებაზე], თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ცხადია, უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური რეაქცია”. 

 

თამთა მეგრელიშვილი, ხალხის ძალა: “ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი”... სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. დედის რძე, ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე… პირდაპირი დაკვეთაა კაცობრიობა ტრადიციული ოჯახიდან, იქცეს მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე".  

დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას

ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნება: "ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა აი ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. თქვენ გადახადეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან ყველგან – ამერიკაში, ევროპაში, ყველგან, სკოლისა და ბაღის ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მაგალითად, თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, შეიცვალოთ”. 

 

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20%-ს, ზოგან კი მეტსაც, შეადგენს. შესაძლოა აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგთხოვენ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერმინოლოგია ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანაც მოგვიხდა…”

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის სანაცვლოდ, დასავლეთზე უარის თქმა გამართლებულია

 

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “მაშინ, რომ გამოვარდნენ ეს ლიბერასტები და კანონი თავზე რომ გადაახიეს ოცნებას, უნდა დადგეს ხალხი და თქვას, რომ აქ ვერავინ ძალით კარნახს ვერ დაუწყებს საზოგადოებას, საზოგადოება ირჩევს ამას [კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ]. მათ შორის ფეხებზე გვკიდია, ეს თუ დაჯდება დასავლეთის ინტეგრაციის შანსების დაკარგვის ფასად, მაგაზე მივდივართ, საზოგადოება ირჩევს ამას და რა ვიცი, ვინმეს თუ გამბედაობა გაქვთ, საზოგადოებას დაუპირისპირეთ, აგერ ვართ”. 

ეროვნული იდენტობისთვის მებრძოლი ღარიბაშვილის გადადგომა დასავლეთის დირექტივა იყო

 

ვალერი კვარაცხელია, საქართველო და მსოფლიო: “საქართველოში პრემიერმინისტრი შეიცვალა. ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს გარედან ზემოქმედებით  განხორციელდა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისე მტკიცედ იდგა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა და ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის სადარაჯოზე, რომ დასავლეთის შეშფოთებას იწვევდა”. 

ჩინეთი დასავლეთის საპირწონედ

 

ზვიად ავალიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, პატივს სცემს სტრატეგიული პარტნიორების, თუნდაც მცირე ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორების ღირებულებებს, ტრადიციებს და ამერიკის შეერთებული შტატები, ნაცვლად იმისა, რომ პატივს სცემდეს, პირიქით, ყველანაირად ცდილობს...თავს მოახვიოს, შეცვალოს ეს ტრადიციები და მათ ნაცვლად დაამკვიდროს ლგბტ იდეოლოგია“.

რუსეთი დასავლეთის საპირწონედ

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: „მართლმადიდებლობა დაეცა [საბერძნეთში]. სახელმწიფომ გამოაცხადა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება ლეგალურად... და ეს ხდება დასავლეთის ზეწოლის შედეგად. ეხლა მე გეუბნებით, გინდათ აირჩიეთ, აგერ ეს სოდომისტების გზა, გინდა აირჩიე აგერ რუსეთთან ურთიერთობა, რომლის თანახმადაც ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდა აკრძალულია.“

ევროკავშირი ებრძვის რელიგიას/ეკლესიას

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “მე ახალს არაფერს გეუბნებით, შებრძანდით ინტერნეტი იძლევა დღეს ამის საშუალებას და ნახეთ, ევროპის ქრისტიანულ ტაძრებში რა ხდება… 300 წელიწადი აშენებდნენ ავსტრიაში, რომელიღაც ტაძარზეა საუბარი და  დღეს ძაღლების და კატების ქორწინებები ხდება იმ ტაძარში, ეს ბედი გველის, ჩვენ თუ მაგრად არ დავდგებით”.

დასავლეთი გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავს, ცენზურას გვიწესებს

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “...ხალხი რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით მოგვაჯდა თავზე, ხალხი რომელიც გვეუბნებოდა, რომ აიტანეთ ეკლესიაზე და ღმერთზე შეურაცხყოფა, აიტანეთ ჩვენი წმინდა მეფეების პრეზერვატივზე გამოხატვა, იმიტომ რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, ეს იმდენად ღირებულია სიკეთეებია, რომ ყველაფერი უნდა აიტანოთ, იგივე ხალხი როგორც კი ძალაუფლებაში მოვიდა და ოქროს უნიტაზები აიშენეს, ეხლა შემოგიტრიალდა და გეუბნება ევროკავშირზე მანდ სიმართლე არ ილაპარაკოთ, იმდენად მახინჯია ეს სისტემა და ღირებულება სიცოცხლის უნარიც არ გააჩნია..’’  

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia