Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

იანვრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 

  • ქსენოფობიური ნარატივების გასავრცელებლად “სეზონი TV-მ” ფრანგი ფერმერების პროტესტის თემა გამოიყენა. მისი მტკიცებით, ქართველ ფერმერებს გაცილებით მძიმედ აქვთ საქმე, რადგან უცხოურმა პროდუქციამ ადგილობრივი ბაზარი სრულად დაიკავა. კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს დემოგრაფიულ საფრთხედ განიხილავდა და საქართველოდან მათ გაძევებას ითხოვდა. გასული თვეების მსგავსად, მკვიდრდებოდა აზრი, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია.

  • თურქოფობიური ნარატივები დაუკავშირდა განათლების მინისტრის კონსულტანტის, გია მურღულიას განცხადებას, რომელმაც სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების “შესატყვისი მოცულობითა და შესაბამისი მეთოდოლოგიით” სწავლების ინიციატივა გააჟღერა. ეს მოსაზრება თურქეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილად და მეზობელი ქვეყნის დირექტივად იყო წარმოჩენილი. ამავე აქტორების მტკიცებით, თურქეთი თავს გვახვევს აჭარის ავტონომიას, ხოლო რეგიონი რუსეთმა დაგვიბრუნა. ანტიაზერბაიჯანული გზავნილი მეზობელ ქვეყანას საქართველოსთვის ტურისტული ნაკადის გადაკეტვასა და ეკონომიკური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა.

  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული ნარატივების გააქტიურება სამების საკათედრო ტაძარში სტალინის ხატისთვის საღებავის შესხმას მოჰყვა. “ალტ-ინფო” მსგავსი ფაქტების აღკვეთის ერთ-ერთ საშუალებად ლინჩის წესით გასამართლებას სახავდა, ხოლო ამ სისასტიკეს ისლამურ რელიგიასთან აკავშირებდა. ანტიკათოლიკური და ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის საწინააღმდეგო გზავნილების უმრავლესობა ჰომოფობიურ კონტექსტში გვხვდებოდა და მათ ლგბტქია+ ადამიანების მხარდაჭერის გამო კიცხავდა. გვხვდებოდა მტკიცება, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს ადამიანის ცხოველთან ქორწინებას.

  • “ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა” ლგბტ აქტივიზმს სტალინის ხაზისთვის საღებავის შესხმასთან აიგივებდა და ორივე მათგანის დასჯას ექსტრემისტული განცხადებებით ითხოვდა. ჰომოფობიური ნარატივები მიუღებლად წარმოაჩენდა საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ლგბტქია+ ადამიანების ყოფნას. პოსტვ-ის მტკიცებით კი, ჰომოსექსუალები თავად ლახავენ ადამიანის უფლებებს, კერძოდ, ტრანსგენდერები ლესბოსელებს სექსუალურ პარტნიორობას აიძულებენ.

  • სტალინის ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა ანტიდასავლური გზავნილების რამდენიმე მიმართულებით გააქტიურებაც. ერთი მხრივ, მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთი ებრძვის მართლმადიდებელ ეკლესიას და ამისთვის ადგილობრივ აგენტურას აფინანსებს, მეორე მხრივ, ხატისთვის საღებავის შესხმა მანიპულაციურად იყო შედარებული ევროკავშირის დროშის დაწვასთან, ხოლო დასავლეთი გამოხატვის თავისუფლებისადმი ორმაგ მიდგომაში იყო დადანაშაულებული. საფრანგეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ღიად გეი პოლიტიკოსის დანიშვნის შემდეგ დომინირებდა მტკიცება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას.

  • სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე აქტივისტი ქალები, მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი და მომღერალი, ირმა სოხაძე გახდნენ.

ქსენოფობია

ქსენოფობიური გზავნილების ერთი ნაწილი დაუკავშირდა ფრანგი ფერმერების პროტესტს, რომელიც შემოსავლების შემცირებასა და ბიუროკრატიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ზრდასაც შეეხებოდა. სეზონი TV-ის წამყვანის მტკიცებით, საქართველოში გაცილებით მძიმე ვითარებაა, რადგან იმპორტირებულმა საქონელმა ადგილობრივი ბაზრიდან ქართული პროდუქცია სრულად განდევნა. კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს საფრთხის კონტექსტში განიხილავდა და ამკვიდრებდა აზრს, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია.

უცხოურმა პროდუქციამ ქართული ბაზარი მთლიანად დაიკავა, ადგილობრივი პროდუქცია ჩაანაცვლა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “[ფრანგ ფერმერებს] თუ ასაჯანყებელი აქვთ საქმე, ჩვენ რა დღეში ვართ, წარმოგიდგენიათ? როდესაც თურქულმა კარტოფილმა შეჭამა აქაური ბაზარი, სომხური სტაფილო, ირანული ხახვი, ჰოდა, ე.ი. ქართველი, სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქცია ვეღარ ხვდება ბაზარზე. ჩვენები, საერთოდ გამოეთიშნენ ამ პროცესებს…”

ნიკოლოზ მჟავანაძე,სეზონი TV-ის  წამყვანი: “ქართული ჩაი არ არის არსად, ვერსად, ვერ ნახავთ და იმ აზერის და თურქული ჩაი არის მარტო, ჩვენი რატო არ გვინდა?!  ბაზარში რო გახვიდე სომხური სტაფილო, სომხური გარგარი, ირანული კიტრი, თურქული პამიდორი.’’

უცხო ქვეყნის მოქალაქეები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა/ბინადრობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “...ვინც საკითხს ისე აყენებს, რომ, აი, ხუთი მილიონი ინდუსი რომ ჩამოასახლოთ, აქ ეგ არაფერი პრობლემა არ არის… ეგ პოზიტიური მოვლენაა და ვისაც ქართველების გამრავლება უნდა, ის ფაშისტიაო, ეგრე ვინც აყენებს საკითხს, ის არ არის ეროვნული”.

 

ჯაბა ჟვანია, ალტ-ინფოს წამყვანი: “...საქართველოში აგერ პლეხანოვზე რომ გაივლი და სადღაც არაბეთში რომ გეგონება თავი… თურქული და ვიღაცეები იქ რომ ტანცაობენ ამ თავიანთ ეროვნულ ჰანგებზე, ჩვენ ეს გვაღიზიანებს, კაცო! პირდაპირ ვამბობ: გასაყრელია ეს ხალხი აქედან! რატომ? შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ უკანონოდ არ შემოდიან, თვითონ ის კანონია უკანონო, რომელმაც იმას საშუალება მისცა”.

თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ერთხელ შოთა იმან თქვა, რა ჰქვია, არველაძემ, რომ მეო რაღაცაო რუსული კლუბები მთავაზობენო, მარა მეო ოკუპანტ ქვეყანაში არ წავალო და ეხლა თურქეთის რომელიღაცა კლუბის მწვრთნელი არი. შე დალოცვილო, რუსეთში თუ არ გინდა წასვლა, თურქეთში რატო მიდიხარ მაშინ? თურქეთს არ აქვს ანექსირებული?! რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთი არის ანექსიის გამკეთებელი ჩვენი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა... მაგ ლოგიკით აქ, საქართველოში, არ უნდა გავაჭაჭანოთ არც ირანელი, არც არაბი, არც თურქი, არც სომეხი, არც არავინ. ყველას ჩვენი ტერიტორიები აქვს წაღებული! ყველა ჩვენს მეზობელს ტერიტორიები აქვს წაღებული, მასეთი ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ“. 

თურქოფობია

სეზონი TV-მ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დისკუსია თურქეთის არგაღიზიანების პოლიტიკას დაუკავშირა. მეზობელი ქვეყანა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასა და ინსტრუქციების გაცემაში იყო დადანაშაულებული. კვლავ გვხვდებოდა ძველი ნარატივი, რომ აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა, თურქეთმა კი ყარსის ხელშეკრულებით რეგიონის ავტონომია მოგვახვია თავს.

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების შეზღუდვა თურქეთის დირექტივაა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “კაცი [გია მურღულია] გამოვიდა და თქვა, რომ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები უნდა შევზღუდოთ საქართველოშიო.  ამაზე უნდა ინგრეოდეს ქვეყანა… ამან, მთელ წმინდანებს შეასხა საღებავები… ეს არის შარვალში ნატა ფერაძე… რატო ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ თურქებს არ აწყობთ. ეგ იქნება ინსტრუქცია… დიდგორობა აგვიკრძალეს, ჯვრების აღმართვა აგვიკრძალებს გზებზე იმიტომ, რომ იმ ტრაილერის მძღოლებს, თურმე აღიზიანებს და ესეც დირექტივა იქნება, რომ ნუ განაწყობთ ახალგაზდებს იმათ, რომ რაღაცა ქონდეთ ჩადებული იმიტომ, რომ მერე იმ სერიალებს რომ უშვებენ, თურქულ სერიალებს, მერე ხო აღარ უყურებს არავინ”?!

აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა, თურქეთი თავს გვახვევს აჭარის ავტონომიას

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ქართველი ბოლშევიკები და მენშევიკები გაერთიადნენ, დადგნენ და ვერ გაბედა ათათურქმა... ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ თავისი ესე იგი ასკერების გამოყვანა და ბათუმი გადარჩა, თორე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებით… სად იყო და როგორ იყო გაფორმებული და რანაირად იყო და ის ყარსის ხელშეკრულება კიდე იმავე წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული, როდესაც, აი, ის აჭარის ავტონომია ე.წ, ფაქტობრივად, მოგვახვიეს თავს და ეს არის თურქული სახადი, თორე რა უნდა საქართველოში ქართველების ავტონომიას? რა უნდა საქართველოში ქართველების ავტონომიას? ეს არი თურქეთის პოლიტიკური ამბიციების და პოლიტიკური ხარკი არი, ეგ არი…”

ანტიაზერბაიჯანული

ანტიაზერბაიჯანული გზავნილი ერთ შემთხვევაში გვხვდებოდა და მეზობელ სახელმწიფოს საქართველოსთვის ტურისტული ნაკადის გადაკეტვაში ადანაშაულებდა.

აზერბაიჯანმა საქართველოს ტურისტული ნაკადი გადაუკეტა

ირაკლი გოგავა, საქართველოს განვითარების ლაბორატორია: “აზერბაიჯანმა გადაკეტა თავისი ტურისტული ნაკადი საქართველოს მიმართულებით. აზერბაიჯანი პირველ ადგილზე იყო ტურისტების რაოდენობით, მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი ხორციელდებოდა და 21 წლიდან ეს გადაკეტილია, რაც წელიწადში, დაახლოებით, მილიარდს გვაკარგვინებს, მილიარდზე მეტს, ალბათ”.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებების გააქტიურება სამების საკათედრო ტაძარში სტალინის ხატისთვის საღებავის შესხმას მოჰყვა. ალტ-ინფოს მტკიცებით, მსგავს ქმედებას ვერავინ გაბედავდა ისლამურ რელიგიაში, რადგან მათთვის სისასტიკე და ლინჩის წესით გასამართლება ნორმალიზებულია. კათოლიკური და ევანგელისტურ პაპტისტური ეკლესიის წინააღმდეგ ნარატივები ჰომოსექსუალი ადამიანების მხარდაჭერას უკავშირდებოდა. გვხვდებოდა მტკიცება, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს ადამიანის ცხოველთან ქორწინებას. 

ისლამურ რელიგიაში ლინჩის წესით გასამართლება დასაშვებია

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “ვიღაცები ამ ნატა ფერაძეს რო ტაშს უკრავენ ინტერნეტში, საქონლები არიან ისინი… ესეთ პრობლემას აქვს სულ 2 მოგვარების ფორმა. მაგალითად, მუსულმანებს ესეთ რაღაცას რატო ვერ გაუკეთებენ ვერასდროს, იცი, იმათ აქვთ ცალკე მოგვარების ფორმა… ნატა ფერაძის ვიდეოს დადებდნენ, თავს რომ მოაჭრიდნენ ეგეთს, თან როგორ იქნებოდა, იცი, რო იმათი მოსახლეობის უმეტესობა მაგაზე იქნებოდა თანახმა, ანუ ტაშს დაუკრავდნენ მაგ ქმედებას…”

კათოლიკური ეკლესია მხარს უჭერს ადამიანების ცხოველებზე ქორწინებას/ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

 

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: “კათოლიკური ეკლესიის მისიები როგორ წერენ ნიანგებს და ადამიანებს ჯვარს, ცხოველებთან შეწყვილება, იმასაც ჯვრისწერის ეგრეთ წოდებულ საიდუმლოში აქცევენ და მათთვის ეს პრობლემა არ არის, მაგალითად, მანქანით თუ ავარია მოუხდება და მანქანა გადასაგდებია, როგორც მიცვალებულ ადამიანს წესს უგებენ, ისე უგებენ წესს მანქანას, რკინას, წარმოიდგინეთ. ესენი იმდენად არიან უკვე დაშორებული ღმერთს, რომ ამათთან ეხლა სერიოზულად ამაზე რამე საუბარი უბრალოდ გამიჭირდება კიდევაც”. 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “...რომის პაპმა მისცა სასულიერო პირებს უფლებაო, რომ ერთსქესიანი მქონე პირებიო დალოცონო. ეს რას ნიშნავს, რო სასულიერო პირი კათოლიკი, მივლენ მამაკაცები და ეტყვის, რო აბა ბიჭებო გაახურეთ სექსი ერთმანეთშიო”?!

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია მიუღებელია ლგბტქია+ ადამიანების მხარდაჭერის გამო

ჯაბა ჟვანია, ალტ-ინფოს წამყვანი: “ამათ აქვთ თავიანთი “ეკლესიები”, სონღულაშვილი როა, შენ რომ გენდალ სონღულაშვილი შეარქვი და ის ქალი მამაო რო არი, იქ ხანდახან ლგბტ დროშას გადმოფენენ და ვიღაც ტრანსგენდერი აზიარეს, ეგეთი რაღაცეებიც ხდება, ჩვენ ხო არ მივდივართ იქ და ხო არ ვარბევთ და ხო არ ვღებავთ. ისე დასახურია და საერთოდ დასაჭერები არიან და აღარც ვიტყვი ეხლა, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ მაგას ხო არ ვაკეთებთ. არც ვინტერესდებით იქ რა ხდება, იმიტო რო ჩემთვის ეგენი არ არსებობენ აქ”.   

ჰომოფობია

კონსერვატიული მოძრაობა კვლავ ამართლებდა ჰომოსექსუალ ადამიანებზე ძალადობას, ლგბტ აქტივიზმს სტალინის ხაზისთვის საღებავის შესხმასთან აიგივებდა და ორივე მათგანის დასჯას ექსტრემისტული განცხადებებით ითხოვდა. ჰომოფობიური გზავნილები მიუღებლად წარმოაჩენდა საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ჰომოსექსუალი ადამიანების ყოფნას, ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლის გზად კი კანონის მიღებას სახავდა. პოსტვ-ის მტკიცებით, ლგბტ თემში დაპირისპირებაა, რადგან ტრანსგენდერები ლესბოსელებს სექსუალურ პარტნიორობას აიძულებენ. 

ლგბტქია+ ადამიანებზე/აქტივისტებზე ძალადობა გამართლებულია

 

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “...ვიღაცა ნაბიჭვარი, პიდარასტი აქტივისტები რომ მოგადგებიან, სახეში ფურთხებას დაგიწყებენ, მაგაზე რო გლიჯავთ და გააპობთ ცემაში, ეგ ქრისტიანულად მიუღებელი გგონიათ ვინმეს?… მაგ შემთხვევაში თუ ფიზიკურად მოქმედება მოსულა, ხატს შეურაცხყვეს და ხატი, თქვენ რა რაღაც, თქვენ თავი უფრო მნიშვნელოვანი ხო არ გგონიათ, შენ რომ შემოგასხან მაგალითად საღებავი, ეგ უფრო ცუდია თუ, აი, ხატს რო შეასხან საღებავი, ხატზე ხო მოგეთხოვება მოქმედება, თუ შენ თავზე მოგეთხოვება, ხატზეც ხო მოგეთხოვება, რა და აი, მაგის პასუხად რანაირად იძახით საერთოდ, აი, რას ნიშნავს ეს, აი, მაგალითად, მაგ შემთხვევაში ვემიჯნებით ძალით პრობლემის გადაჭრას. აბა, როგორ, როგორ ჭრი”?

საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ლგბტქია+ ადამიანები მიუღებელია

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ძალიან იქნება არჩევნების ბედი იმაზე დამოკიდებული, ამა თუ იმ პარტიის სიაში მოხვდება თუ არა ე.წ. ეს ლიბერასტული და ეს გეი აგენტურის ფრთის წარმომადგენლები. ამიტომ მე ეხლა ახლავე ვაფრთხილებ “ქართულ ოცნებას”, სიაში არ შეიყვანოთ რომელიმე ე.წ. კესარია ან მასთან აფილირებული პიროვნება, თუ არა, დაღუპულები ხართ, თქვე საცოდავებო… ამას თქვენ ქართველი ხალხი არ გაპატიებთ…”

ლგბტ თემში დაპირისპირებაა, ტრანსგენდერები ლესბოსელებს სექსუალურ პარტნიორობას აიძულებენ

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “სერიოზული კონფლიქტი წარმოიქმნა ლესბოსელებსა და ტრანსგენდერებს შორის. კონფლიქტი კი არა, ნამდვილი გენდერული ომი გაჩაღდა. როგორც გაირკვა, ტრანსგენდერებმა, ამ შემთხვევაში ქალად გადაკეთებულმა კაცებმა, ლესბოსელებს მათთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვეს… მაგრამ ლესბოსელი, რისი ლესბოსელია ქალი და კაცი ვერ გაარჩიოს. მათ ქალად გადაკეთებულ კაცებს მტკიცე უარი სტკიცეს. არანაირი ქალები თქვენ არ ხართო. აბსოლუტურ უმრავლესობას მამაკაცის სასქესო ორგანოები გაქვთო. ჩვენ კი სწორედ ამიტომ არ გვიზიდავს კაცებთან სექსიო. ტრანსგენდერები ამაზე უკიდურესად აღშფოთდნენ, როგორ, მთელი ცივილიზებული დასავლეთი ჩვენს ქალობას აღიარებს და თქვენ როგორ ბედავთ და კაცებად მოგვიხსენიებთო?! მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა ლესბოსელება თავისი უფლებების დაცვა საპროტესტო აქციით გადაწყვიტეს.“

 

გურანდა ბილიხოძე, პოსტვ-ის ჟურნალისტი: “ტრანსგენდერებმა ლესბოსელები გეი პრაიდიდან მხოლოდ იმიტომ გააძევეს, რომ მათ, ლესბოსელებს, ტრასებთან სექსი არ უნდათ. გააძევეს ერთია და ბულინგიც ზედ მიაყოლეს. ელგებეტექიუ თემის წარმომადგენლებს სექსიზმსა და ჰომოფობიურ ცრუ რწმენაში სდებენ ბრალს. ზოგიერთი ლესბოსელი უკვე განგაშის ზარს სცემს, მათ, ფაქტობრივად, აიძულებენ, ტრანსგენდერი ადამიანები სექს პარტნიორებად მიიღონ…”

ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს

ლალი მოროშკინა, ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო: “მიიღეთ კანონი ლგბტ+ პროპაგანდაზე. ნაძვის ხესთან ვერ გაგვიყვანია ბავშვები, შილაკიანი და “კრუჟაოიანი” ძუძუგადმოგდებული ბიჭებით აივსო ქალაქი”.

 

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “კანონის მიღება გვინდოდა, ათობით ათასი კაცის ხელმოწერით ჩავაბარეთ პარლამენტში, კანონს არ იხილავენ… კანონი დავაინიცირეთ, ყოველ ზაფხულს, რო ამ ხალხს ძალით არ უწევდეს ამ ლგბტ პრაიდების აღკვეთა, კანონით რო მოგვარებულიყო, ეგენიც დაისვენებდნენ, ჩვენც დავისვენებდით, პოლიციას დაისვენებდა და ის რაღაცა პრაიდია თუ რაღაც ჩემი ფეხები, იმათი მენეჯმენტის გარდა, რომელიც ფულს ვეღარ აიღებდა, გრანტებს მაგის ორგანიზებაში, მაგათ გარდა ყველა იქნებოდა კმაყოფილი, არ დააინიცირეს ეგ კანონი…”

ანტიდასავლური

დასავლეთი კვლავ წარმოჩენილი იყო ტრადიციულ იდენტობასთან და რელიგიასთან მებრძოლ ძალად, მათ შორის, დასავლეთს მიეწერებოდა ხატზე სტალინის გამოსახულებისთვის საღებავის შესხმის დავალება და დაფინანსება. საფრანგეთის პრემიერმინისტრად ღიად გეი გაბრიელ ატალის დანიშვნას მოჰყვა ნარატივების გააქტიურება, რომ დასავლეთს ლგბტქია+ ადამიანები მართავენ, ადამიანებს სქესს ინფორმირებული თანხმობის გარეშე უცვლიან, საქართველოს კი თავს ახვევენ ჰომოსექსუალობას. ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული აქტორები გარყვნილი დასავლეთისა და საქართველოს ოკუპაცია ამართლებდნენ, მის საპირწონედ კი კვლავ რუსეთს გვთავაზობდნენ.

ხატზე სტალინის გამოსახულებისთვის საღებავის შესხმა დასავლეთის დავალება იყო

 

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: “მე ღრმად ვარ დარწმუნებული რაც ფერაძემ გააკეთა, ხელისუფლება ძალიან კარგად იყვნენ საქმის კურსში და მათ აუნთეს მწვანე, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა, იმიტომ რომ ეს დავალება არის გაღმა ოკეანის, ეგრეთ მყოფელი  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და არ შეასრულებდნენ ამ დავალებას და მერე რასაც დაიჭერდნენ ვნახავდით”.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV- ის წამყვანი: “ნატა ფერაძე ვინ არი? ნატა ფერაძემ კი არ გააკეთა, ხალხო, ეს. ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩაგვაფურთხეს სულში, რა, ეს არი ამერიკელების გაკეთებული…”

 

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: “ეს არის მიზანმიმართული შეტევა ჩვენს ეკლესიაზე და ეს მიზანმიმართული შეტევა მომდინარეობს აშშ-დან და კოლექტიური დასავლეთიდან…”

დასავლეთს გამოხატვის თავისუფლებისადმი ორმაგი მიდგომები აქვს

დავით ისაკაძე, დეკანოზი: “ეს ადამიანი [ნატა ფერაძე] სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ სხვა ასეთმა ექსტრემისტმა და ეკლესიის მდევნელმა ვერ გაბედოს მსგავსი ქმედების ჩატარება. თუკი ადამიანს იჭერენ, იმიტომ რომ ევროკავშირის დროშა დახია თუ დაწვა, ხატის შეურაცხყოფა უფრო მეტი დანაშაული არ არის?! ეს ორმაგი სტანდარტები ევროკავშირისა საქართველოში უნდა დამთავრდეს. ამიტომ ვამბობ მე, რომ აუცილებელია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება ამ საკითხზე…”

 

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “დასავლეთში არის შემდეგი პრაქტიკა, კი ბატონო, ქრისტიანულ დაწესებულებებში, მორწმუნეების შეურაცხყოფა თავისუფალია და ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, მაგრამ ევროკავშირის დროშის, ლგბტ ადამიანების, მათი  რაღაც სექტანტური წარმონაქმნების შეურაცხყოფა, რომელიც შეიძლება გამოხატვის თავისუფლებით ასე ვთქვათ ჩავიდინოთ, ჩავიდინოთ ჩვენ რა, ვიღაცეებმა, ეგ კრიმინალიზირებულია… ხელისუფლებამ კლასიკური, დასავლური, ევროპული ორმაგი სტანდარტი შემოგვთავაზა, სადაც ქრისტიანების შეურაცხყოფა არ ისჯება, ლეგალურია, მიდი რაც გინდა, ის ქენი, ხოლო ევროკავშირის სიმბოლოს შეურაცხყოფა ექვსი წლით ისჯება. ეგ არის დასავლური სამართალი კაცო, ასეა დასავლეთში და ამას დაამკვიდრებს, ამას ამკვიდრებს უკვე ხელისუფლება.“

დასავლეთს ჰომოსექსუალები მართავენ/თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას

 

სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “ეს ევროპა გახრწნის გზას დაადგა, ხალხო! საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად დანიშნა პიდარასტი, ამაზე უარესი, ამაზე საშინელი, რა უნდა იყოს?! და ადამიანი შეიძლება მალავდეს, რო გეია და ეს თან პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარო განსხვავებული ორიენტაციის ადამიანიო და განათლების მინისტრად დანიშნა თავისი სექსუალური პარტნიორი მამაკაცი… აღარაფერს აღარ ვამბობ იმაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ იყო. პიდარასტი იყო, გეი იყო და ვიზიტებზე დადიოდა თავის მეუღლე მამაკაცთან ერთად! ნუ, ესე იგი, სირცხვილი და თავის მოჭრა!”

 

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “შვილებს მიხედეთ, მშობლებო. ის ევროპა სადაც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველობა განათლებას ღებულობდა და იქედან მერე ნიკო ნიკოლაძეები და კონსტანტინე გამსახურდიები და გრიგოლ კობახიძეები და მთელი ჩვენი ელიტა მოდიოდა, ეხლა დღეს ვინ ჩამოგვივა ჩვენ იქედან? რა გონების პატრონები, რა გაქანების პატრონები ჩამოვლენ იქედან… სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში თურმე პირველ სართულზე არის ჰომოსექსუალები, მეორე სართულზე არის ტრანსექსუალები, მესამე სართულზე არის კიდე რაღაცა სექსუალები, ათასნაირი უბედურება…”

დასავლეთში ადამიანებს სქესს ინფორმირებული თანხმობის გარეშე უცვლიან

 

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “შვეიცარიაში მოქმედი ლიბერალური კანონების მიხედვით სქესის შეცვლა არასრულწლოვნებს მშობლების ნებართვის გარეშეც შეუძლიათ. მთავარია, ცამეტი ან თოთხმეტი წლის ბავშვს უბრალოდ მობეზრდეს თავისი სქესი და მოუნდეს საპირისპირო სქესად გადაკეთება. მას უპრობლემოდ შეუძლია მივიდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც მას ასევე ტრანსგენდერი ექიმი დახვდება, რომელიც ისე დაასახიჩრებს მოზარდს, რომ მშობელი დედაც ვეღარ იცნობს. რაც მთავარია, ამ თავქარიან ახალგაზდებს არავინ გააფრთხილებს, რომ ამ გენდერული ტრანსფორმაციის შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს. გოგონა, რომელიც ტრანსფორმირდება ბიჭში საშინელ პროცედურებს გადის”. 


ანი ნადირაშვილი, პოსტვ-ის ჟურნალისტი: “კრის ბეკი[სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი] ამბობს, რომ ის გამოიყენეს. მათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, მე კი არ ვიცოდი. ამერიკაში ათასობით ტრანსგენდერული კლინიკები შენდება, ამბობს ის, სადაც მიმართვიდან უკვე მეორე დღესვე შესაძლებელია ტესტოსტერონის თერაპიის დაწყება და სხვა სქესის მიღება. დეიზიც შეცდომაში შეიყვანეს. დეპრესიასა და სიმარტოვეზე პასუხი მან ინტერნეტში იპოვა… უსმენ ამ ისტორიებს და თითქოს ისინი სადღაც შუაში გაიჭედნენ. არც ქალები არიან და არც კაცები”.

გარყვნილი დასავლეთისა და საქართველოს ოკუპაცია გამართლებულია

 

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “დასავლეთში როგორ მოხდა ქრისტიანული საზოგადოებიდან ტრანსფორმირება იმ რაღაც სატანისტურ არაადამიანურ ყოფამდე, რომელშიც ეხლა არის და რომლის გამოც ეხლა კვდებიან და ვიღაც ზანგები და აზია დარბის და რასაც უნდა, იმას უკეთებენ, ფარჩაკებივით რასაც უნდა იმას უკეთებენ და მალე რო აღარ იარსებებენ საერთოდ და წითელ წიგნშიც რო არავინ არ ჩაწერს, ისე რო აღარ იარსებებენ და ეიფელის კოშკი რო ვიღაც კენიელს დარჩება და ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგ საქმეში სანამ ეს ცხოველია, სანამ ეს ცხოველია და ლიბერასტია, ღმერთმა ხელი მოუმართოს იმ კენიელს, რომელიც იპყრობს საფრანგეთს. იმათ ეკუთვნით, ხოდა, ეგ კანონზომიერება ჩვენზეც ვრცელდება. რა აფხაზეთი, ბიჭო, რა უნდა დავიბრუნოთ, ვინ უნდა დავიბრუნოთ, ეკლესიებში გვივარდებიან ვიღაცა პიდარასტები და ხატებს გვიბილწავენ, რისი ღირსი ვართ, არაფრის ღირსი არა ვართ ჩვენ. თუ ეს დღის წესრიგი დამკვიდრდა და ამას სათანადო, ყველასთვის რომ მაგალითი იქნება, ისეთი პასუხი არ გაეცა… ბოლოს გავქრებით… ღმერთი არ დაუშვებს, ბუნების კანონზომიერება არ დაუშვებს ასეთი საზოგადოების არსებობას.“

ტრადიციული, იდენტობის დამცველი რუსეთი VS გარყვნილი დასავლეთი

 

დავით მხეიძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: “თანამედროვე მსოფლიო ლიბერასტულ-პედერასტულ და კონსერვატიულ ნაწილებად არის გაყოფილი. პირველის უდავო ლიდერები აშშ-ბრიტანელი ანგლოსაქსები არიან, რომელთა იდეოლოგიის ქვაკუთხედი (თუ ასე თქმა უპრიანია), ლგბტ თემის მხარდაჭერა და ყველანაირი გარყვნილებაა. საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის იდეოლოგია კი ტრადიციული და ეროვნული ღირებულებების პროპაგანდაა…მსოფლიო კონსერვატორების ლიდერი მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, ანუ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი". 

სექსისტური სიძულვილის ენა

სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე აქტივისტი ნატა ფერაძე გახდა. სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის გამო კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე აქტორები ძალადობრივი მეთოდებით მის დასჯასა და საზოგადოებისგან იზოლირებას ითხოვდნენ. სექსისტური ენა, ასევე, მიემართებოდა მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს, რომელმაც თბილისის საკონცერტო დარბაზში სუხიშვილებთან ერთად იცეკვა და, მომღერალ ირმა სოხაძეს, რომლის განცხადებას სექსუალური განათლების საჭიროებაზე სექსუალური ცხოვრების დაწყების პროპაგანდირებასთან იყო გაიგივებული.

სლატშეიმინგი

ტრისტან წითელაშვილი, გენერალ მაიორი: “გავატარებთ ნატა ფერაძეს, კიდევ ბევრი ნატა ფერაძე იქნება, გავატარებთ კიდევ ბევრ ნატა ფერაძეს, კიდევ ბევრი ბაია პატარაია იქნება, კიდევ ბევრი ლომჯარიები იქნება, ამიტომ მათ არ უნდა მივცეთ მოქმედების საშუალებები, ისინი უნდა შევყაროთ ყველანი თავიანთ ბორდელებში, საიდანაც გამოიჩეკნენ და გამოვიდნენ, უნდა მოხდეს მათი სამუდამოდ მთლიანობაში იზოლირება, მათი საზოგადოებაში გამოსვლა არ შეილება, იმიტომ არ შეილება რო ესენი არ საშინელი ვირუსის მატარებელი ადამიანები… აუცილებლად აღადგინეთ, აუცილებლად აღადგინეთ ის ვენდისსპანსერები, რო ამ ადამიანების ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ იზოლაცია, თუ მართლა ნებით არ უნდათ მკურნალობა, ავდგეთ და გავთოკოთ, სხვანაირად არ შეილება…”


დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ეს ხალხი არის შესამოწმებელი და ქალთა ვენდისსპანსერების ფუნქციონირება არი საქართველოში აღსადგენი და ნატა ფერაძე და მასთან გათანაბრებული ე.წ. ქალბატონები, ქუჩის როსკიპები უნდა გადავიყვანოთ სპეციალიზებულ დაწესებულებებში, კლინიკებში და უნდა მოხდეს მათი იზოლირება დანარჩენი საზოგადოებისაგან.’’ 

სექსიზმი/მიზოგინია

ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ალტ-ინფოს წამყვანი: “სინამდვილეში, მაგ ფემინიზმის და ამ ყველაფრის უკან ეგ მასკულინური მამაკაცები დგანან, რომელსაც მეტი მუშა ხელი უნდა, მეტად დამონებული ოჯახი უნდა, რომ უკეთ მართოს. ეგ როგორი რაღაცა არის იცი, იმას რომ საუბრობენ, პროსტიტუციის ლეგალიზებას და თითქოს ქალებზე ზრუნვა არის და ნარკოტიკების ლეგალიზება თითქოს ნარკომანებზე ზრუნვა, სინამდვილეში, ერთი ბარიგებზე ზრუნვაა და მეორე სუწინორებზე. ეგეთივე რაღაც არის ფენიმიზმი, ფემინიზმი არის იმისთვის, რომ დიდ კორპორაციებს მეტი მუშა ხელი ჰქონდეთ, რაც მეტი იქნება არჩევანი, მეტად იაფი დაუჯდებათ მუშა ხელი…”  
 

გელა ზედელაშვილი, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: "ეს ტუტუცი ხექალა, ხანდახან ნატა ფერაძედაც რომ მოიხსენიებენ, წერას არის ატანილი და ცეცხლს ეთამაშება...გეუბნებით, სადმე მოფარებულში გაიყვანეთ, ცოტა ხანს მაინც შეაგდეთ ვირიანთ აბანოში, ისევ მაგის უსაფრთხოებისთვის, თორემ ვიღაცა ბაყაყივით გაჭყლიტავს და მერე დაიწყება, ესაო და ისაო."

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

იაკობ იაკობიშვილი, მიტროპოლიტი: “სხვას არ მივბაძოთ, ცუდი მაგალითი არ ავიღოთ. საქართველოში არავის სჭირდება ჟანადარკობა. თუ სადმეა თავი შესაკლავი, ჩვენ, კაცები შევაკლავთ. ქალები რითაც ხართ ლამაზი, გონიერებით, შვილების კარგად აღზრდით, ოჯახის შენახვით, ტრადიციებით, ასეთები იყავით”.

ეიჯიზმი

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მაგას რო ამბობთ თქვენ ეხლა, რო ასაკში როა, იმას ვერ გადასხვაფერებენო, ეხლა მაგაშიც შეგეკამათებით, აგერ ირმა სოხაძე, ცალი ფეხი სამარეში აქვსო ვერ ვიტყვი, მაგრამ ასაკშია ეგ ქალი და ქალი გახდა სექსის მასწავლებელი, ქალი გამოვიდა და სექსი უნდა იყოს სკოლებშიო…”

 

გარეგნული ნიშნით შეურაცხყოფა/დაცინვა

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: “რაღა დაგიმალოთ და… მაგასაც ნიჭი უნდა, როცა ასეთ მძიმეწონოსანს [ანიტა რაჭველიშვილს] შუძლია კუნტრუშში ჩართოს თეძოები, ასევე, ბარძაყები და ძუძუნი. აღარაფერს ვამბობ მენჯ-ბეჭებსა და ყელ-ყურზე"!

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ეს ანიტა რაჭველიშვილი გაქანებული “ნაციონალების” მხარდამჭერი არი და ქალბატონო ანიტა, აი, ამ სტრიპტიზის მოწყობას, ისევ ან „ნაციონალების“ მხარდაჭერას მიაწვეთ ჯობია და რა ვიცი ეხლა, ცოტა ფიგურამაც უნდა შეგიწყოს ხელი კაბას რომ გაიხდი ქალი და რა ვიცი მე, ესე გამოაჩენ ყველაფერს… ერთი ბოძი ყოფილიყო იქ დადებული და ეგ იყო”.  

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia